„საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭო“ - ევროკავშირმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას სადაზვერვო და უსაფრთხოების ახალი შეთანხმება უნდა შესთავაზოს
„საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭო“ - ევროკავშირმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას სადაზვერვო და უსაფრთხოების ახალი შეთანხმება უნდა შესთავაზოს

ევროკავშირმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას სადაზვერვო და უსაფრთხოების ახალი შეთანხმება უნდა შესთავაზოს, – ამის შესახებ საუბარია ანალიტიკური ცენტრის, „საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს“ სტატიაში.

სტატიის ავტორის, მარკ გალეოტის მოსაზრებით, რუსული საფრთხის გამო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფრონტის ხაზის ქვეყნების დახმარება, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, განავითარონ სადაზვერვო და კონტრდაზვერვის სამსახურები და შესაძლებლობები, სულ მცირე, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო და დიპლომატიური დახმარების გაწევა.

სტატიის ავტორი ახსენებს საქართველოს პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მოხსენებას, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა რუსეთია.

სტატიის მიხედვით, დაზვერვის სექტორი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არის, როგორც მთავარი აქტივი, ასევე დაბრკოლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რუსეთის ფარული ოპერაციების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ასევე, სტატიის მიხედვით, ეს უწყებები ჯერ კიდევ დიდ გავლენას განიცდიან საბჭოთა კავშირის „სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტისგან“ მემკვიდრეობით მიღებული სტრუქტურების, კულტურების და მეთოდების მხრიდან, რომლებიც შეიძლება იყოს არაეფექტური, გაუმჭვირვალე და დაუცველი კორუფციისგან, რუსეთის შეღწევისგან და პოლიტიკური ძალადობისგან.

სტატიის ავტორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიდი ხანია კონცენტრირებულია ნატო-ში გაწევრიანებაზე, მისი სტრატეგიული მიმართულების შესახებ განახლებული დებატების ეს მომენტი ევროკავშირს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინოს თავი სანდო უსაფრთხოების პარტნიორად და არა მხოლოდ ეკონომიკურ და კულტურულ პარტნიორად.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სადაზვერვო და უსაფრთხოების ახალი შეთანხმების შეთავაზება ევროკავშირს სამ ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალ გზას შეუქმნის და სხვა უპირატესობებთან ერთად, ეს ყველა მხარეს დაეხმარება გასცდნენ ნატო-ს წევრობის საკითხს.

„როგორც ასეთი კომპაქტის ნაწილი, ევროკავშირს შეუძლია, შესთავაზოს სადაზვერვო მონაცემების გაზიარება და დახმარება პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარებაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია რუსული ავანტიურიზმის დროს. ამავდროულად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სადაზვერვო სააგენტოებს შეუძლიათ, თავიანთ ევროპელ პარტნიორებს მიაწოდონ საკუთარი გამოცდილება, ხოლო შეთანხმება და მასთან დაკავშირებული პროგრამები იქნება მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი გახდეს უსაფრთხოების სერიოზული აქტორი და ამას გააკეთებს ისე, რაც შეესაბამება მის ღირებულებებსა და ინტერესებს. მას ასევე შეუძლია, ფოკუსირება მოახდინოს ბლოკში უკეთეს სადაზვერვო თანამშრომლობაზე, როგორც შესაძლო გვერდითი პროდუქტი – ის, რაც რჩება სერიოზულ პრობლემად, ნაწილობრივ ისევ იმიტომ, რომ ბევრი სააგენტო უფრო დაინტერესებულია აშშ-სთან ან დიდ ბრიტანეთთან პარტნიორობით, ვიდრე ერთმანეთთან. ასეთი თანამშრომლობის განვითარება წარმოაჩენს იმ გზებს, რომლითაც დასავლურ ალიანსში ტვირთის გაზიარება შეიძლება, იმაზე მეტს ნიშნავდეს, ვიდრე უბრალოდ მეტი ტანკის შეძენა და მეტი ჯარისკაცით დაკომპლექტება. ეს ასევე დაეხმარება დასავლეთის ქვეყნებს აჩვენონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რომ უსაფრთხოების პარტნიორობა უფრო მეტია, ვიდრე ნატო“, – აღნიშნულია სტატიაში.