საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა მალაიზიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
მალაიზიაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და მალაიზიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართა მალაიზიის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, უან ვონგ ჩენისთან და მალაიზიის პარლამენტის უსაფრთხოების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯონათან ბინ იასინისთან.
შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებულ საპარლამენტო ურთიერთობებზე და სავაჭრო, ტურიზმისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში უვიზოდ მოგზაურობის შემოღების შესაძლებლობას.
ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე. მათ კოლეგებს გააცნეს „შუა დერეფნის“ პროექტთან დაკავშირებული სიახლეები.
დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მალაიზიის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მალაიზიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.