საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები IFES-ის პრეზიდენტს, ენტონი ბენბერის და USAID-ის ევროპის და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს, ალექსანდრე სოკოლოვსკის შეხვდნენ.
მხარეებმა განიხილეს USAID-ის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები, IFES-ის როლი საქართველოში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებში, საქართველოს წინასაარჩევნო გარემო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.