საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში იმყოფება.
საპარლამენტო დელეგაციის პირველი, ისტორიული ვიზიტი ტაჯიკეთში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტაჯიკეთის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს და პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს.
შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
ტაჯიკეთის მხარე დაინტერესდა შუა დერეფნის განვითარების საკითხით და ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის პროექტში ტაჯიკეთის სამომავლო ჩართულობას, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, საქართველოს გავლით ტვირთები გაატარონ.
შეხვედრებზე, ასევე, ისაუბრეს პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისების შესახებ.
მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარების შესახებ და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ნიკოლოზ სამხარაძემ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებს ლექცია წაუკითხა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.