საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სტრატეგიულ ქვეყნებში ეკონომიკური დესპანების დანიშვნის ინიციატივაზე იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი კანონმდებლებს ახალ ინიციატივას გააცნობს. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკის საკითხებში დესპანებს დანიშნავს, რომლებიც სტრატეგიულ ქვეყნებში იმუშავებენ.
აღნიშნული ინიციატივის მიზანია სამიზნე ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გამყარება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, ეკონომიკის საკითხებში დესპანები სტრატეგიული ქვეყნებიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებენ.
„ეკონომიკური დიპლომატია ზოგადად არის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება. საზედამხედველო ფუნქციების გათვალისწინებით, კომიტეტზე კონკრეტულად მოვისმენთ საგარეო სამინისტროსგან ახალი ინსტიტუტის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაინიშნებიან ეკონომიკის საკითხებში დესპანები. ისინი სტრატეგიულ ქვეყნებში უნდა დაინიშნონ, რისი მიზანიც იქნება ეკონომიკური კავშირების გამყარება სამიზნე ქვეყნებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, იმისათვის, რომ ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ აღნიშნულ ქვეყნებთან, რათა საინვესტიციო პროექტების წარმოჩენა კიდევ უფრო გაძლიერდეს. გვექნება ზუსტად ამ მიმართულებით მოსმენა, რა სტრატეგია აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე, რა სახის სამოქმედო გეგმა აქვს ზუსტად ამ მიმართულებით. ეს პროცესი ნამდვილად უნდა წარიმართოს სწრაფად და ეფექტურად. ჩვენც, საკუთარი საზედამხედველო კომპეტენციის ფარგლებში, გვინდა ზუსტად ეს ინფორმაცია მოვისმინოთ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.