საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა მონაწილეობით, ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა მონაწილეობით, ცესკო-ს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, შეხვედრა, რომელზეც საუბარი იყო ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, იყო ძალიან საინტერესო და სიღრმისეული.
„საქართველოს ხელისუფლებისთვის გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტი არის ასევე ევროკავშირის წინაშე აღებულ ჩვენს ვალდებულებებში, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას. ეს ვალდებულება ჩვენ ავიღეთ და მყარად, თანმიმდევრულად ვახორციელებთ ყველა იმ რეფორმას, საკანონმდებლოს თუ ტექნიკურს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთ-ერთი გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩავატაროთ ქვეყანაში. ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ბევრი სხვა მიმართულებით.
დღეს გვქონდა შესაძლებლობა, საგარეო საქმეთა სამინისტროში გვემასპინძლა ცესკო-ს თავმჯდომარისთვის, რომელმაც მიიღო მონაწილეობა დისკუსიაში არჩევნებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც გაწეულია ჩვენი ქვეყნის მხრიდან, იმ ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომელიც ინკორპორირებულია ამ პროცესში. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ელჩებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაც მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურების, სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცესკო გეგმავს ოქტომბერში. ვფიქრობ, იყო ძალიან საინტერესო, სიღრმისეული შეხვედრა. ჩვენი დიპლომატები, ელჩები იქნენ სრულად ინფორმირებული ამ საკითხებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მათ, ადგილზე, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი დიასპორის ინფორმირების თვალსაზრისითაც გამოადგებათ ეს ინფორმაცია.
მოვილაპარაკეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო მომავალშიც გააგრძელებენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, კოორდინაციას და კომუნიკაციას, რათა, ერთი მხრივ, ჩვენმა მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება ოქტომბერში გასამართ არჩევნებში და მათ არ ჰქონდეთ ბარიერები, მეორე მხრივ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს არჩევნები იყოს უსაფრთხო, თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი რისკები, ტექნოლოგიურად იყოს გამართული“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ელჩებს მიაწოდეს ინფორმაცია, რათა მათ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება შეძლონ.
„მნიშვნელოვანია, ჩვენი თანამემამულეების ინფორმირების მიზნით დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან იყოს გაზიარებული ინფორმაცია უცხოეთში მყოფი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობისა და სხვა მნიშვნელოვანი პროგრესული აქტივობების შესახებ, რომლებიც დღეს ინსტიტუციის წინაშე არსებობს. ამიტომ, ჩვენ ვიმყოფებით რეგულარულ და მუდმივ კომუნიკაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც პერმანენტულად ვცვლით ინფორმაციას მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რაც უზრუნველყოფს არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებით ადმინისტრირებას.
მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის, სადაც მოგვეცა შესაძლებლობა, მოგვეხდინა ინფორმირება უცხოეთში მყოფი ჩვენი ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის. შესაბამისად, ასეთი ტიპის შეხვედრები და რეგულარული კომუნიკაცია სამინისტროსთან გაგრძელდება, რადგან არჩევნები საერთო საქმეა და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ მაღალ დონეზე მისი ჩატარება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.