საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც ორმხრივ ფორმატებში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში მოსაწვევები გააგზავნეს
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც ორმხრივ ფორმატებში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში მოსაწვევები გააგზავნეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდგომ განმეორებით გააგზავნა მოსაწვევები საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასევე, ორმხრივი მოწვევის წერილები დაეგზავნათ ევროკავშირის, ნატო-სა, სუამი-ს წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს (ჯამში 50 ქვეყანა).

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსაწვევ წერილებთან ერთად გაიგზავნა საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში შემოსვლის და საქმიანობის პროტოკოლი, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავდა.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოვლენის მიზნით ოფიციალური მოწვევის წერილები პირველად, 27 მაისს გაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძოდ: ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ევროპის პარლამენტს (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ასევე ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და სუამ-ის ორგანიზაციას (GUAM). დღევანდელი მდგომარეობით, დამკვირვებლების გამოგზავნის თაობაზე წერილობითად მზაობა გამოთქვეს და გვაცნობეს, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) (ODIHR-მა ქართული მხარის მოწვევის საფუძველზე, მ.წ. 3-8 აგვისტოს საქართველოში გამოგზავნა საჭიროების შემფასებელი მისია. მისის მიერ შემუშავდა რეკომენდაცია 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნის თაობაზე); ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), რომელიც გეგმავს 30 დამკვირვებლისგან შემდგარი მისიის გამოგზავნას. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში, რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თავიანთი რეგულაციების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერ ახორციელებენ საერთაშორისო მისიებს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამენ არსებული შესაძლებლობებით დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს, რაც მისასალმებელია“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.