საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ უხანში მყოფი საქართველოს ხუთი მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიდეომიმართვაში ელჩმა ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შექმნილ ვითარებაში მათთვის საჭირო ინფორმაცია გააცნო.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტიპის კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას. საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, მათ შორის, ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში მყოფ ხუთ მოქალაქესთან, რომლებიც ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელის „ვიჩათის“ (WeChat) მეშვეობით მიმართა. ვიდეომიმართვაში ელჩმა მოქალაქეებს გააცნო შექმნილ ვითარებაში მათთვის საჭირო ინფორმაცია კომუნიკაციის, საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების კუთხით, ასევე ჩინეთის მთავრობისა და უხანის მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული პრევენციული ზომების, ეპიდემიის პირობებში შესაბამისი სანიტარული მოთხოვნების შესახებ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ქალაქ უხანის მუნიციპალიტეტთან და შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ინფორმირებულია მიმდინარე პროცესების შესახებ. მათ შორის მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც ჩინეთის, ისე სხვა პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობებთან.