საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთიდან უახლოესი სპეციალური ავიარეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთიდან უახლოესი სპეციალური ავიარეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთიდან უახლოესი სპეციალური ავიარეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფომ, მსოფლიოში არსებული ამ რთულ ვითარებაში, გამოიჩინა განსაკუთრებული ეფექტურობა და ამ დრომდე სამაგალითოდ შეძლო ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის ზომების გატარება, რაც აღიარებულია პარტნიორების მხრიდან.

„ძვირფასო თანამემამულეებო, სრულად ვაცნობიერებთ, რომ არსებულმა ვითარებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები; ბევრი მათგანი ვერ ახერხებს სამშობლოში დროულად დაბრუნებას; ბევრი მათგანი იმყოფება მაღალი დაინფიცირების ქვეყნებში და შედეგად, განსაკუთრებული სტრესის ქვეშ. მინდა მოგმართოთ ყველას და დაგამშვიდოთ, საქართველოს მთავრობის უმთავრეს ამოცანად რჩება, უპირველესად, ჩვენი მოსახლეობის და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა.

ჩვენმა სახელმწიფომ, მსოფლიოში არსებული ამ რთულ ვითარებაში, გამოიჩინა განსაკუთრებული ეფექტურობა და ამ დრომდე სამაგალითოდ შეძლო ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის ზომების გატარება, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თქვენთვის ცნობილია, რომ გლობალურად, საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, იმისათვის, რომ ჩვენს თანამემამულეებს მისცემოდათ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები განეხორციელებინა კომპანია „საქართველოს ავიახაზებს“.

სწორედ საბჭოს გადაწყვეტილებითვე, ეტაპობრივად და მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით, მოხდება მიმართულებების განსაზღვრა და ფრენების განრიგის დაგეგმვა.

უახლოესი კვირეების განმავლობაში საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, განხორციელდება კომპანია „საქართველოს ავიახაზების“ სპეციალური კომერციული რეისები შემდეგი მიმართულებებით: 23 მარტი – თბილისი-ბერლინი-ბათუმი. 24 მარტი – ათენი-თბილისი-ათენი (შეასრულებს „ეგეოსის ავიახაზები“); 26 მარტი – თბილისი-ვენა-თბილისი; 31 მარტი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი; 3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი; 7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ასევე შემდგომი რეისების დაგეგმვაზე. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, დაგეგმილი ჩარტერული რეისების საშუალებით, ეტაპობრივად დაბრუნდებიან სამშობლოში.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო საკარანტინო მომსახურებით, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ როგორც პირადად მათი, ისე მათი ახლობლების დაინფიცირების შესაძლებლობა.

სწორედ ამიტომ, მოქალაქეთა დაბრუნების პროცესში გვმართებს მეტი სიფრთხილე, იმისათვის რომ ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის რესურსები რაციონალურად იქნას გადანაწილებული.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად. დღეს, ამ მომენტში, ქართველი დიპლომატების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა და მათი თანადგომა. 24-საათიან რეჟიმში ვიღებთ მონაცემებს მათი საჭიროებების შესახებ. ვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ რესურსს; ხშირად დიპლომატების პირადი სახსრებით ხდება მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა“, – აღნიშნულია განცხადებაში.