საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტზე ინფორმაციას დააზუსტებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს
ოკუპირებულ აფხაზეთში ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
უწყებაში აცხადებენ, რომ ჩართულია დიპლომატიური არხები სათანადო რეაგირების მოსახდენად.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნულის თაობაზე და ჩართულია ყველა შესაბამისი არხი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე ფეხბურთის ფედერაციის ხაზით, რათა დავაზუსტოთ ინფორმაცია და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. უწყების ცნობით, ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობეს მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს – ფიფას და მისგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვეს.
სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები უახლოეს დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს.