საგარეო საქმეთა სამინისტრო - ნატო-საქართველოს კომისიამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს რეფორმების პროცესს და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ხოლო ალიანსის მხრიდან ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებს, ქვეყნის ჩართულობას რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ხელისუფლების ნაბიჯებს, რომლებიც გადაიდგა ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისა და ასევე პანდემიის ეფექტიანი პრევენციის კუთხით და ნატო-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას.
მათივე ინფორმაციით, მოკავშირეების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის წარმატებას ამ მიმართულებით.
„ნატო-საქართველოს კომისიის მონაწილეების მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიასთან ბრძოლის პროცესის ეფექტიან მართვას, რამაც შესაძლებელი გახადა ვირუსის ადრეული გავრცელების პრევენცია და საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრება.
წევრმა ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო ქმედებების გამო და დაგმეს ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებული ფაქტები; მათ შორის, შეშფოთება გამოთქვეს, 11 ივლისს, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და მისი უკანონო დაკავების ფაქტზე. ასევე ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებასა და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვის ფაქტებზე, მათ შორის, პანდემიის დროს მათთვის დაწესებული შეზღუდვების გამო. ასევე აღინიშნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან პანდემიის დროს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მიმართულია საქართველოსა და რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფის ერთ-ერთი წარმატებული ცენტრის – ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის მიმართ“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, სხდომაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით.
„მაღალი შეფასება მიეცა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას და აღინიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით.
პარტნიორების მხრიდან გამოიხატა მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც წინა წლებში, ახლაც უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიულად და მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ალიანსის სამიტსა და ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს. ამ კონტექსტში აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა. ალიანსის წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნატოს 2020 წლის 3-4 აპრილის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების პრაქტიკულ შესრულებას, საქართველოსთან და უკრაინასთან შავი ზღვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
აღინიშნა, რომ ალიანსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგს და ჩართულობას. ამ მხრივ, მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. მხარეები ასევე მიესალმნენ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერებას, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების პროცესს, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციისთვის“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.