საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირლანდიელ კოლეგასთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირლანდიელ კოლეგასთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილა

დუბლინში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირლანდიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტს (DFA) შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ირლანდიის მხრიდან – გენერალური მდივნის მოადგილე სონია ჰილანდი (Sonja Hyland).

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს პოლიტიკური კონსულტაციების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით, რომელიც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ იმართება და ყურადღება გაამახვილეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რეგულარული დიალოგის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა ის საერთო ღირებულებები და ინტერესები, რომელსაც საქართველოსა და ირლანდიას შორის ურთიერთობები ეფუძნება და განაპირობებს პოზიციების თანხვედრას საერთაშორისო დღის წესრიგის საკვანძო საკითხებთან მიმართებაში, ასევე, მხარეების საერთო ხედვას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, რაც ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება და ხაზი გაუსვეს საქართველოს ცნობადობის ზრდას ირლანდიის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი, ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით.

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხს. აღინიშნა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული შესაძლებლობები და მისი სრულფასოვანი გამოყენების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა საქართველო-ირლანდიის ბიზნეს-საბჭოს ეფექტურ ფუნქციონირებასა და საქმიან წრეებს შორის კონტაქტების გაღრმავების ხელშეწყობას. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ირლანდიასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე, რაც მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გატარებული ძირითადი რეფორმები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური მიმართულებები, ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების გარემოებებს და საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას ევროინტეგრაციის პროცესისა და რეფორმების შეუქცევადი კურსის მიმართ.

ირლანდიის მხრიდან დაფიქსირდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი. იმედი გამოითქვა, რომ ივნისის ბოლოს ევროპული საბჭო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი, რაც აისახა კონკრეტულ შედეგებში. აღინიშნა, რომ შეთანხმებამ შექმნა კარგი ნიადაგი საქართველოს ევროკავშირთან სხვადასხვა სფეროში ინტეგრაციისთვის, რაც, თავის მხრივ, ქვეყანას
ევროკავშირის წევრობისთვის მოამზადებს.

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეას, უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურას.

საქართველოსა და ირლანდიის დელეგაციებმა გაცვალეს ინფორმაცია უკრაინის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის შესახებ როგორც პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით.

მასპინძელ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარების შესახებ, რაც რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში ინტერვენციის შედეგია. აღინიშნა, რომ კრემლის აგრესიული ქმედებები უკრაინასთან მიმართებაში არის სწორედ 2008 წლის ომის გამოძახილი და რუსეთის მიერ გავლენის სფეროების ბრძოლის მორიგი გამოვლინება. თეიმურაზ ჯანჯალიამ ისაუბრა რუსეთის მხრიდან ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური და თანმიმდევრული პოზიციის აუცილებლობას.

ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა. გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ირლანდია, როგორც პატარა ქვეყანა, სოლიდარულია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნებას.
თეიმურაზ ჯანჯალია მიესალმა ოფიციალური დუბლინის მტკიცე პოზიციას საქართველოს საკითხების აქტიური მხარდაჭერის პროცესში და რეგიონში შექმნილი მყიფე გარემოს გათვალისწინებით, გამოთქვა იმედი ირლანდიის აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით.

მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ირლანდიის, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის როლს და დააფიქსირა პოზიციური თანხვედრა ოფიციალური დუბლინის პრიორიტეტებთან.

კონსულტაციების ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.