საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს პარლამენტში დღეს განიხილავენ და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დაამტკიცებენ
საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს პარლამენტში დღეს განიხილავენ და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დაამტკიცებენ

საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს პარლამენტი დღეს განიხილავენ, დამტკიცებამდე კი, რეზოლუციის პროექტს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებში განიხილავენ.

დეპუტატების თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დოკუმენტის მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და პრობლემის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაა. „ქართული ოცნების“ წევრები საგარეო ასპარეზზე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად საერთაშორისო თანამეგობრიბის მხარდაჭერის მაქსიმალურად მობილიზებას გეგმავენ.

„საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია, რომელიც ერთი კვირის წინ დაინიცირდა პარლამენტში, დღეს უკვე განიხილება პლენარულ სხდომაზე. ამ რეზოლუციაში გაწერილია ის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს ექნება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, აქ პირველ ადგილზე დგას ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით ​აღდგენა. ამავდროულად, გაწერილია საკმაოდ მკაფიო მიზნები, რომლებიც გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, ქვეყნის მომზადება იმისათვის, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი. ასევე, ნატო-ში ინტეგრაციისთვის სტრატეგიული მზაობის უზრუნველყოფა, რათა გავხდეთ ნატო-ს წევრი. ასევე, დიდი ყურადღება აქვს დათმობილი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ჩვენს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს სომხეთთან, ასევე შავი ზღვის ფარგლებში უკრაინასთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან, პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება არის დათმობილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავებაზე, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე ეკონომიკური და დემოკრატიზაციის მიმართულებით“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.