საგარეჯოში ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სარგებლობაში დაბრუნებას ითხოვენ
საგარეჯოში აქცია მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში შეკრებილი ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლითაც ისინი წლების განმავლობაში სარგებლობდნენ, საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მუნიციპალიტეტმა „საპარტნიორო ფონდს“ ფარულად გადასცა.
აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველიც მივიდა, თუმცა ადგილობრივები მას დაუპირისპირდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოსახლეობა ამბობს, რომ არ სურთ, პროტესტმა პოლიტიკური სახე მიიღოს.
აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ კაკაბეთის, გიორგიწმინდას და საგარეჯოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის 500 ჰექტრამდე ფართობს წლების განმავლობაში სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ და შესაბამის უწყებებს დასაკანონებლად არაერთხელ მიმართეს. ისინი დღეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხს ელოდებიან, დაუბრუნდებათ თუ არა მიწები და შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა აქცია.