საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის წარმომადგენლებმა თავდასხმისას დაშავებულების ჯანმრთელობის პარაკლისი და გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის წარმომადგენლებმა თავდასხმისას დაშავებულების ჯანმრთელობის პარაკლისი და გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სასულიერო პირებმა საგარეჯოს კულტურის სახლის მიმდებარედ თავდასხმის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის პარაკლისი აღავლინეს.

პარაკლისის შემდეგ მათ ტრაგედიის ადგილზე გადაინაცვლეს და გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც საგარეჯოს მცხოვრებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კიდევ ერთ დაშავებულს, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა და საგარეჯოდან „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.