საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით 30-მდე ზარი შევიდა
საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით 30-მდე ზარი შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით 30-მდე ზარი შევიდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, შეტყობინებები თბილისიდან შევიდა, რეგიონებიდან ზარები არ დაფიქსირებულა.

მათივე ცნობით, შეტყობინებები, ძირითადად, საბურავების დაწვის ფაქტებს უკავშირდებოდა.

უწყების ცნობით, ყველა შემთხვევაზე მოხდა რეაგირება და ცეცხლის ჩაქრობა.

„მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის ქრობაში ბავშვებიც ეხმარებოდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ამასთან, საქართველოს პირველ არხს დამწვრობის ცენტრში განუცხადეს, რომ გასული წლის მსგავსად, ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით ცენტრში სხეულის დაზიანებით არც ერთი პაციენტი არ შესულა.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ნარჩენების მართვის ახალი კანონმდებლობა ამოქმედდა, ჭიაკოკონობის ღამეს დამწვრობის შემთხვევები აღარ ფიქსირდება.

„იყო წლები, როდესაც 40-50 პაციენტს ვღებულობდით ხოლმე ერთ ღამეში. მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით ჯარიმა დაწესდა ცეცხლის დანთებაზე, აღნიშნული შემთხვევები, საბედნიეროდ, აღმოიფხვრა“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.