საგანგებო სიტუაციების სამსახურს ბელარუსისგან ნაქირავები სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენი მოემსახურება
საგანგებო სიტუაციების სამსახურს ბელარუსისგან ნაქირავები სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენი მოემსახურება

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბელარუსული კომპანიისგან სახანძრო, სამაშველო და სამედიცინო დახმარებისათვის განკუთვნილი ვერტმფრენი იქირავა. ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

MI-8 MTV ტიპის ვერტმფრენი საქართველოში ხვალ ჩამოვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ვერტმფრენი მულტიფუნქციურია და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება სწრაფი რეაგირება სახანძრო და სამაშველო სიტუაციებისას.

დღეს არსებული ხელშეკრულებით, ბელორუსული კომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი 1-ელ ოქტომბრამდე იქნება თბილისში ბაზირებული. ქირავნობის საფასურში შედის პილოტის მომსახურებაც, რომელიც საქართველოში ვერტმფრენთან ერთად ჩამოვა.

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ქირავნობის ვადა შესაძლოა, გახანგრძლივდეს.

„ვიდრე ვერტმფრენის შეძენის საკითხი დადგება დღის წესრიგში, საგანგებო სიტუაციების სამსახური ისარგებლებს ნაქირავები ვერტმფრენით, რაც აპრობირებული მეთოდია. ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს ამ მეთოდს და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით, ვერტმფრენებს გარკვეული ვადით ქირაობს“, – აღნიშნავენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ვერტმფრენის საქირავებლად პირველ ეტაპზე 891 800 ლარი გამოიყო.

დღეს არსებული ვითარებით, საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვერტმფრენი არ ჰყავს. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით, სამსახური იყენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს ან ქირაობს კერძო კომპანიებისგან.