მამუკა ყირიმელი - მეხანძრეების მოსვლის დროს ხანძრის კერები სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე და სარდაფში იყო
თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა ყირიმელმა განუცხადა.
„ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მთლიანობაში დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრის ფართობია დამწვარი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 30 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დარჩა“, – აღნიშნა მამუკა ყირიმელმა.
მისივე თქმით, მეხანძრეებს ადგილზე მისვლისას ხანძრის ორი კერა დახვდათ.
„მეხანძრეების მოსვლისას ღია ცეცხლი იყო. ხანძრის კერა მესამე სართულზე და ასევე, სარდაფში იყო. დეტალებს გამოძიება დაადგენს. რისგან და რა მიზეზით გაჩნდა ხანძარი, ამ ყველაფერზე პასუხს გამოძიება იტყვის“, – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.