საგანგებო სიტუაციების სამსახური მტკვარზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მტკვარზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ და დაუყონებლივ სჭირდებოდათ მაშველების დახმარება.
შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მაშველების მისვლისას, ერთი მოზარდი გამოყვანილი იყო ნაპირზე, ერთი მცირეწლოვანი კი, მდინარის ჩქარი დინების გამო, გაუჩინარდა წყალში და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა.
მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.