საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ძლიერი წვიმის გამო, 18-19 ივნისს 441 გამოძახება დაფიქსირდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 18 ივნისის 20:00 საათიდან 19 ივნისის 09:30 საათამდე, ძლიერი წვიმის გამო, სულ 441 გამოძახება დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თბილისში – 292, ხოლო რეგიონებში – 149 გამოძახება დაფიქსირდა.
„ყველაზე მეტი გამოძახება დედაქალაქში ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან შემოვიდა. რეგიონებიდან კი მცხეთა-მთიანეთიდან (41 შეტყობინება) და იმერეთიდან (26 შეტყობინება).
ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზებზე და დატბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
ძლიერმა ქარმა კი დედაქალაქის ცალკეულ რაიონებში დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებსა და ჩახერგილი გზების გაწმენდას.
სამაშველო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.