საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება, პირველი არხის ინფორმაციით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სახით ყალიბდება, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და შს სამინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
კანონპროექტით უცვლელი რჩება სამსახურის როლი მატერიალური რეზერვების მართვის საკითხში და ამავე სახით გადმოდის დღეს არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა.
ამასთან, პროექტით კონკრეტდება, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სფეროში იარსებებს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება სამოქალაქო უსაფრთხების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცედურები.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფროსს მინისტრი ნიშნავს, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს შს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.