საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უხვი ნალექის გამო მიღებულ 80-მდე შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები თბილისში მოსული უხვი ნალექის და გზებზე შექმნილი შეფერხებების გამო გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ.
„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა დროებით შეზღუდულია გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე და შეშელიძის ქუჩაზე.
ადგილზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებები და საგზაო მოძრაობის წესები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 112-დან მიღებულია შეტყობინებები დედაქალაქში შენობების სარდაფების, მიწისქვეშა გადასასვლელების და მეტროსადგურების ჩასასვლელების დატბორვის შესახებ. მეხანძრე-მაშველებმა 80-მდე ასეთ შეტყობინებაზე უკვე მოახდინეს რეაგირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დატბორილი ადგილებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
ამ დროისთვის, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში, დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.