საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-ს შემადგენლობაში დაბრუნებაზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დღეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ინიციატივა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კვლავ შსს-ს შემადგენლობაში დაბრუნდეს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, ეს მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში დაიგეგმა. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ბიუჯეტში არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს.
როგორც ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური ტექნიკური ბაზა, რომლითაც ასევე ისარგებლებს საგანგებო სიტუაციების სამსახური.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში. ბიუჯეტში არანაირ ცვლილებას ეს არ იწვევს. მიზანი არის ძალიან მარტივი, იმისთვის, რომ საგანგებო სიტუაციების მართვა მოხდეს უფრო ეფექტურად.
გახსოვთ ალბათ ბორჯომში მომხდარი მოვლენები. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს შესაბამისი ტექნიკური ბაზა, რომლის გამოყენებაც, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების დროს ხდებოდა და იმისთვის, რომ ეს პროცესები ეფექტიანად წარიმართოს, ბიუროკრატია მაქსიმალურად მინიმუმამდე დავიყვანოთ, ამ მიზანს ემსახურება ეს კანონპროექტი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.