საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავ-მაშველებს სპეციალიზებული აღჭურვილობა გადაეცათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და Polish Aid-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მყვინთავის სპეციალიზებული აღჭურვილობა გადაეცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური საშუალებების გადაცემა განხორციელდა პროექტის – „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავთა დანაყოფის შესაძლებლობების გაძლიერება სპეციალური აღჭურვილობების მიწოდებით“ – ფარგლებში, რომლის მიზანია წყალზე და წყალქვეშ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, სამაშველო ოპერაციების ეფექტურად ჩატარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერა.
სპეციალიზებულ აღჭურვილობას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავი-მაშველები გამოიყენებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მრავალი წელია, თანამშრომლობს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ვარშავის მთავარ სახანძრო სკოლასთან, პოლონეთის დახმარების ფონდსა და საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან. თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურს არაერთხელ უსასყიდლოდ გადმოეცა სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ქართველ მეხანძრე-მაშველებს ხშირად უტარდებათ სწავლება და გადამზადების კურსი პოლონელი ინსტრუქტორების მიერ, როგორც პოლონეთში, ასევე, საქართველოში.