საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთში ჩარჩენილი 16 ადამიანი უსაფრთხოდ არის
თუშეთის საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო მეორე მხარეს ჩარჩენილი 16 ადამიანი უსაფრთხოდ არის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ანდრე ქუჯაიძის თქმით, მეორე მხარეს ძირითადად მწყემსები და ტრაქტორზე მომუშავე ადამიანები იმყოფებიან და ბოლო ინფორმაციით, მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ.
„არაფერი არ უჭირთ, არაფერი არ სტკივათ, არ შიათ. არანაირი პრობლემა არ აქვთ. ადგილზე ვართ მობილიზებული სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე შესაბამისი სამსახურები. ტერიტორიის შესწავლა მიდის და სამუშაოები წყლის კლების შემდგომ დაიწყება. არ ვიცით ზუსტად როდის დაიწყება. გუშინდელთან შედარებით კლება აქვს”, – განაცხადა ანდრე ქუჯაიძემ.