საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სსიპ – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სწავლება საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
იმიტირებული საგანგებო სიტუაციის, კერძოდ, ხანძრის ქრობის სიმულაციის დროს, სასტუმროს თანამშრომლებს უშუალოდ მოუწიათ ევაკუაციის პროცედურებში ჩართვა. მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან „დაშავებულები“ გამოიყვანეს და ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება განახორციელეს.
პრაქტიკული სავარჯიშოები ერთობლივად შემუშავებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა. წვრთნების პროცესში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩართული იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დანერგილია სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით სერვისები, რომლებიც ხორციელდება სსიპ სახელწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოს მეშვეობით.