საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წელს ორი ვერტმფრენის დაქირავებას გეგმავს
საგანგებო და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური და სწრაფი რეაგირებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წელს ორი ვერტმფრენის დაქირავებას გეგმავს. ორივე ვერტმფრენი პირველი ივლისიდან საქართველოში იქნება ბაზირებული და სრულ მზადყოფნაში იქნება, როგორც შესაძლო ხანძრებზე, ისე გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებსა და სხვა სასწრაფო საჭიროების მიზნებით გამოყენებისთვის.
ვერტმფრენების დაქირავების თაობაზე მოლაპარაკებებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ ეტაპზე ორ ქვეყანასთან – ბელორუსთან და ყაზახეთთან აწარმოებს.
„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ორ კომპანიასთან, რომელთაგანაც ფასისა და სერვისის ხარისხის მიხედვით შერჩეული იქნება ის, ვინც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს. პირველი ივლისიდან მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში, ეს ორი ვერტმფრენი იქნება ჩვენს განკარგულებაში.
ამ დროს არსებობს არა მხოლოდ ხანძრის რისკები, არამედ მაღალი არის სამაშველო ოპერაციების საჭიროება, რადგან ტურისტული სეზონის პიკია, განსაკუთრებით სამთო ტურიზმის კუთხით, ასევე ზღვაზეც. შესაბამისად, ჩვენ მათ აქტიურად ვიყენებთ ტურისტული მიზნებისთვის და საჰაერო სასწრაფო დანიშნულებითაც“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.