საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში გადადის
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. შსს-ს მიერ ინიცირებული პროექტი საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ცვლილებები გამომდინარეობს მცირე მთავრობის კონცეფციიდან, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უწყების სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა.
„ასევე მიმდინარეობს მუშაობა და დაგეგმილია ახალი უშიშროების საბჭოს შექმნა, რომელსაც ექნება პოლიტიკის შემუშავების ნაწილში გარკვეული კომპეტენციები, ანუ ის, რაც ნაწილობრივ ჩვენს სამსახურს აქვს. სწორედ ამიტომ განხორციელდება აღნიშნული ცვლილებები. ჩვენ ვფიქრობთ, ეფექტურობა შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, უწყებაში თანამშრომლების მასშტაბური შემცირება არ იგეგმება, თუმცა იქნება ეფექტი ხარჯების დაზოგვის კუთხით.
„მე ვერ გეტყვით, რომ თავის დროზე აღნიშნული უწყების გამოყოფა გაუაზრებელი და ხარჯიანი იყო. თავის დროზე უწყების გამოყოფას მოჰყვა რეფორმების პაკეტი, რომელიც ევროკავშირისა და ჩვენი ნატოელი მოკავშირეების მიერ არის აღიარებული ძალიან პროგრესულად. ახლა ცვლილებები შეეხება მხოლოდ სტრუქტურულ საკითხს“, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.