საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაემორჩილონ საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, საზღვაო სეზონის დადგომასთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეების მიერ ზღვაში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები გახშირდა.

„არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ ემორჩილებიან მაშველების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს. გარდა ამისა, ნასვამ მდგომარეობაში შედიან წყალში, რაც მეტწილად ფატალური შედეგით სრულდება.

2018 წლის პირველი მაისიდან 25 ივნისამდე არსებული მონაცემების მიხედვით, ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამავე პერიოდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა დახრჩობას 36 ადამიანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაემორჩილონ საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საზღვაო სეზონის განმავლობაში მოქალაქეების უსაფრთხოებას შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე მაშველი იცავს. ასევე, საბანაო პერიმეტრზე დამატებით განთავსდა 70-მდე ახალი სამაშველო კოშკურა.