საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს სამეგრელოს რეგიონის „112“-ის სამსახურში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს სამეგრელოს რეგიონის „112“-ის სამსახურში „კოვიდ-19“-ის ვირუსით დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ სამეგრელოს სამმართველოში, ამ დროისთვის ვირუსით დაინფიცირების ერთეული მაჩვენებელია, რაც მუშაობის პროცესზე არ ისახება.
„გვსურს, თავდაპირველად განვმარტოთ, რომ სიუჟეტში ნახსენები სამსახური სამინისტროში არ არსებობს. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, საკითხი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეხება და არა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – 112-ს.
აქვე განვმარტავთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელოს სამმართველოში, ამ დროისთვის ვირუსით დაინფიცირების ერთეული მაჩვენებელია, რაც მუშაობის პროცესზე არ ისახება და სამსახური ჩვეულ, 3-ცვლიან რეჟიმში, შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას.
ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამსახური პერმანენტულად ახორციელებს თანამშრომელთა ტესტირებას, ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასარიდებლად.
აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტს არ გადაუმოწმებია სიუჟეტში გასული არც ერთი ფაქტი და ინფორმაცია, რათა თავიდან აერიდებინა ცალმხრივი გაშუქება“, – ნათქვამია განცხადებაში.