საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაასაჯაროებს ობიექტებს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესები არ არის დაცული
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, სადაც არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყოველწლიურად იზრდება ხანძრებისა და ხანძრებით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, შესაბამისად პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა შენობაში დაცული იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის სამმართველო პერმანენტულად ამოწმებს ქვეყნის მასშტაბით არსებულ შენობა-ნაგებობებს, რათა მოხდეს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ვითარების შესწავლა. მოწმდება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
გასულ წელს, სამმართველოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით 6 000-მდე შენობა-ნაგებობა შემოწმდა, 200-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ათასობით შენობის მეპატრონეებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
სტატისტიკით დგინდება, რომ ყოველწლიურად იზრდება ხანძრებისა და ხანძრებით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, შესაბამისად პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა შენობაში დაცული იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები.
საზოგადოებას აქვს უფლება, მისივე უსაფრთხოებისთვის, ფლობდეს ინფორმაციას სად არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები.
შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, სადაც არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს და გამოვალთ ინიციატივით, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს სანქციები უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ყველა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, რათა არ შევუქმნათ საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.