საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან
ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა დროულად მოხდეს ყველა შემთხვევაზე რეაგირება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამინდის გაუარესებისა და უხვი ნალექის გამო, მეხანძრე-მაშველებმა სამაშველო სამუშაოები საქართველოს რამდენიმე რეგიონში აწარმოეს.
„სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა: გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონში.
ამ დროისთვის სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია.
სოფელ ნასაკირალში ნაძვზე მეხის დაცემის შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია.
ბახმაროში მეხის ჩამოვარდნამ 54 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მცხეთა-მთიანეთში ფშავის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, რამდენიმე საათი შეზღუდული იყო სამანქანო მოძრაობა.
ქვემო ქართლში, მარნეულში ძლიერი ნალექის გამო, რვა საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა უკვე დაასრულეს ამოტუმბვითი სამუშაოები. გარდა ამისა, დაიტბორა რუსთავის მე-8 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია.
კახეთში წყლის მოვარდნის გამო ჩაიხერგა გომბორი-თელავის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რის გამოც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სამანქანო მოძრაობა შეიზღუდა. გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, მოძრაობა აღდგენილია.
გურჯაანში დაიტბორა გამგეობის შენობის სარდაფი და ერთი საცხოვრებელი სახლი. ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.
ბახმაროში მომხდარი უბედური შემთხვევის გარდა, სხვა რეგიონებში სტიქიის გამო დაშავებულები არ არიან.
16-18 ივნისს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა დროულად მოხდეს ყველა შემთხვევაზე რეაგირება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 16 ივნისს, საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში კი სეტყვა.
სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა 16 ივნისს შესაძლებელია გამოიწვიოს აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება და მთიან რაიონებში ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.