საგანგებო რეჟიმი ამოქმედდება თელავისა და ახალციხის გამშვებ პუნქტებზეც
დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო რეჟიმი ამოქმედდება კიდევ ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში, ეს ორი მუნიციპალიტეტი არის თელავი და ახალციხე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით შვიდი მუნიციპალიტეტის საზღვარზე უკვე ამოქმედდა ფაქტობრივად კარანტინის რეჟიმი და განთავსებულია სპეციალური გამშვები პუნქტები, რომელიც მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა, ასევე თავდაცვის სამინისტროს ძალებმა.
„გეტყვით, რომ ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებით, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ასევე მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური რეჟიმი ამოქმედდება კიდევ ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ეს ორი მუნიციპალიტეტი არის თელავი და ახალციხე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 110 პაციენტი, აქედან 21 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული, ხოლო იზოლაციაში იმყოფება 4995 ადამიანი.