საგანგებო მდგომარეობისას მოქმედი წესების დარღვევის გამო, 152 კომპანია დაჯარიმდა, მათ შორის დიდი ჰიპერმარკეტები
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 152 კომპანია დაჯარიმდა.
„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-7 და მე-9 მუხლების, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისი ნორმების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტროლს აღნიშნული დადგენილების აღსრულებაზე. კონტროლში მოიაზრება იმ მეწარმე სუბიექტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერებული აქვთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. ამასთან, მონიტორინგს ექვემდებარებიან ის მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ ეკრძალებათ ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ თავიანთ საქმიანობა უნდა განახორციელონ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით, 23 მარტიდან დღემდე, დაჯარიმებულ იქნა 152 მეწარმე სუბიექტი (საერთო ღირებულებით 1 137 000 ლარი. მათ შორის 69 ფაქტი სხვადასხვა რეგიონში, ხოლო 83 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, როგორც სოციალური დისტანციის დაცვის დაუცველობის გამო, ასევე პირბადისა და ხელთათმანების გარეშე მუშაობისთვის. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ დაჯარიმებულ კომპანიებს შორის არიან, როგორც დიდი ჰიპერმარკეტები, ასევე მცირე და საშუალო ზომის მარკეტები. სამართალდარღვევის ოქმი, ასევე შედგენილ იქნა სამი ბაზრის მომწყობი ორგანიზაციის მიმართ“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გააგრძელებს უმკაცრეს მონიტორინგს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებზე, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტურობას განსაზღვრავს.