საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტს მობილიზაციის გადაწყვეტილების პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანის უფლებამოსილება აღარ ექნება
საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტს აღნიშნული გადაწყვეტილების პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანის უფლებამოსილება აღარ ექნება. შესაბამისი ცვლილებები – „მობილიზაციის შესახებ” კანონში შედის, რომელიც რეზერვის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია.
პროექტით, პრეზიდენტს ასევე აღარ ექნება მობილიზაციისთვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება და აღნიშნული უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის გადაეცემა.
„პრეზიდენტის უფლებამოსილება მობილიზაციისთვის მზადყოფნის, მობილიზაციის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა აღარ იქნება, რადგან აღნიშნული გათვალისწინებულია კანონით და მათი დამატებითი განსაზღვრის საჭიროება არ არსებობს. აღნიშნული ცვლილებების მიზანია, კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან კანონის შესაბამისობაში მოყვანა”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამას გარდა, ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასევე აღარ განეკუთვნება მობილიზაციის დროს სამხედრო ძალებში გაწვევის გადავადება და გაწვევის გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერება, რადგან როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, აღნიშნული საკითხები „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტში ახლებურად არის დარეგულირებული.