საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა ექვს წლამდე პატიმრობით დაისჯება
საქართველოს პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“, ასევე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები სამი მოსმენით დაამტკიცა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
„თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტის დეკრეტით და შესაბამისი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში ამისთვის დაისჯება 3000 ლარიანი ჯარიმით, იურიდიული პირის შემთხვევაში, ეს არის 15 000 ლარი, რაც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია. ამის განმეორების შემთხვევაში, კონკრეტული პირი დაისჯება ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მამუკა მდინარაძე ასევე განმარტავს, რატომ გახდა საჭირო ახალი მუხლების დამატება კანონმდებლობაში.
„ეს საჭირო გახდა, რათა განჭვრეტადობა არ იყო ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემდეგ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პირს „სისხლის სამართლის კოდექსის“ მიხედვით. კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული, პირველად შემოვიდა „სისხლის სამართლის კოდექსში“. ასევე არის მითითება, რომ თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, დეკრეტში ჯარიმების გათვალისწინებას პრევენციული მიზანი ჰქონდა, რათა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები მაქსიმალურად შემცირებულიყო.
„აქედან გამომდინარე, ამ საკითხთან დაკავშირებით ამნისტიაზე ან შეღავათებაზე საუბარი არ არის, რადგან ყველა მოქალაქეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ როცა არღვევს შესაბამის წესებს, ქმნის მომეტებულ საფრთხეს საზოგადოებისთვის, ამიტომ ჩვენ მიერ შექმნილი ნორმა ემსახურება პრევენციას და რისკების მინიმუმამდე დაყვანას.
ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ თუ მომავალში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევები გვექნება, ამ შემთხვევაში, „სისხლის სამართლის კოდექსში“ კონკრეტული ნორმა იქნება მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული და იმ შემთხვევისთვისაც კი, თუ დეკრეტით არ იქნა გათვალისწინებული. თუ დეკრეტი გაითვალისწინებს კონკრეტულ სანქციას კონკრეტული ქმედებისთვის, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ამასთან დაკავშირებით მითითება იქნება, რომ იმოქმედებს დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.