საგამოფენო საქმიანობა, სასტუმროებში ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დღეიდან დაშვებული იქნება
საქართველოში დღეიდან კიდევ რამდენიმე ბიზნესსაქმიანობა იქნება დაშვებული. შეზღუდვების მოხსნა შეეხება საგამოფენო საქმიანობას, ასევე ტრენინგებსა კონფერენციებს სასტუმროებში.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განმარტა, აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება მოხდება წესების დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პროტოკოლის თანახმად.
„უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით, ეს იქნება საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება, რომ, ერთი მხრივ, არ შეწყდეს ტრენინგპროგრამები, მეორე მხრივ, დავეხმაროთ სასტუმროებს, რათა მათ არ დაკარგონ შესაძლებლობა, მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს. საგამოფენო აქტივობას რაც შეეხება, ესეც არის მნიშვნელოვანი, მოხდება წესების დაცვით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
დღესვე მუშაობის განახლებას შეძლებენ ის პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარეს.