საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახდო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეცნობით, შეიძინეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალა, რის შემდეგაც, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, გაწერეს ყალბი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა გამოყენებითაც, ჯამში, 1 006 მ3 უკანონოდ მოპოვებულ ხის მასალას მისცეს კანონიერი სახე და შემდგომ მოახდინეს მისი რეალიზაცია სხვადასხვა პირზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.