საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 აშშ დოლარის საფასურად გაასაღა რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები. ასევე, მართვის მოწმობების მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები“ ,- აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.