საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალაქ თბილისში, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელოს რეგიონებში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახის უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციას ახდენდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 265 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელი – „Hennesy XO”, „CHIVAS REGAL“ „BELUGA“, „NEFT“, „FINLANDIA“.
ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელის ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.