საგამოძიებო სამსახურმა თევზპროდუქტების ფალსიფიკაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა თევზპროდუქტების ფალსიფიკაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თევზპროდუქტების ფალსიფიკაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში და ქვემო ქართლის რეგიონში განთავსებულ სხვადასხვა კომპანიის კუთვნილ ოთხ საწარმოში ფალსიფიცირებული თევზპროდუქტების – ე.წ. შებოლილი „მოივას“, „სტავრიდას“ და „სკუმბრიას“ წარმოება ხდებოდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების შებოლილი თევზი, რომელსაც ამ ეტაპზე, შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.