საგამოძიებო სამსახურმა სარეცხი საშუალებების რეალიზაციისას სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ერთი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისსა და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ახდენდა დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების რეალიზაციას Ariel-ის, Perwoll-ის, Fairy-ის, Alo-ს, Domestos-ისა და Persil-ის სასაქონლო ნიშნების მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 78 023 ლარის ღირებულების, საერთო ჯამში, 16 982 ლიტრი და 5 457 კილოგრამი სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული პროდუქცია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.