საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 935 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება შეადგენს 152 241 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.