საგამოძიებო სამსახურმა საბაჟოზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟოზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული 1 634 გრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულება 175 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.