საგამოძიებო სამსახურმა ხუთი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ხუთი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთის, მცხეთისა და აჭარის რეგიონებში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს და ხუთი  კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით,  საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას და რეალიზაციას ახდენდნენ. კერძოდ, მათ დაამზადეს და გაასაღეს ყალბი ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა რეალიზებულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი – სამშენებლო და ხის მასალები, ასევე, სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია.

საქონლის რეალური მიწოდების გარეშე ფიქტიურად გამოწერილი, გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით ითვალისწინებს.