საგამოძიებო სამსახურმა იანვრის თვეში დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2021 წლის იანვრის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს, აჭარისა და მცხეთის რეგიონებში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია ექვსი პირი, რომელთა შორის ორი დაკავებულია.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 8 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება და სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც ხდებოდა უაქციზო საქონლის გადაზიდვა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.