საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
„დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4719 ერთეული კოლოფი MAC-ის, MANCHESTER-ის, „2005“-ის, OSCAR-ის და MARLBORO-ს, დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 20 763 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.