საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი პირი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც, ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ.
გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს.
გამოძიების პროცესში ბრალდებულების მმართველობის ქვეშ მყოფ, თბილისში განთავსებული ქოლცენტრის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან 12 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.