საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2021 წელს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საკუთრებაში დაირეგისტრირეს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 9 100 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც შეადგენს 426 958 ლარს.
ასევე დადგენდა, რომ ბრალდებულების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დამატებით 1 650 640 ლარის ღირებულების სამი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.