საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ხის მასალის შეძენა-გასაღების, გადასახადისთვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ქონების შეძენა-გასაღების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონში, წინასწარი შეცნობით, შეიძინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 640 183 ლარის ღირებულების ხის მასალა, რის შემდეგაც, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის სახელით, გაწერა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა გამოყენებითაც, ჯამში, 1 163 მ3 უკანონოდ მოპოვებულ ხის მასალას მისცა კანონიერი სახე და შემდგომ მოახდინა მისი რეალიზაცია.
„ბრალდებული, საგადასახადო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, არ ახდენდა კომპანიის შემოსავლების დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში, 172 615 ლარის გადახდას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე, 218-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.